შეფასებები გრიგორი კარასინის განცხადებაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსი კოლეგის განცხადებებს ეხმაურება. მოსკოვი საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ფორმატებს შანტაჟისთვის იყენებს,- ასეთია დავით დონდუას მოკლე შეფასება გრიგორი კარასინის იმ განცხადებებზე, სადაც რუსი დიპლომატი მუქარის შემცველ გზავნილებს აჟღერებს.

ლავროვის უწყების მაღალჩინოსანი ამბობს, რომ კრემლი ადეკვატურად უპასუხებს ნატო-ს ძალების მონაწილეობით საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლებებს. ის ასევე პროვოკაციულს უწოდებს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და აცხადებს, რომ მისი არსებობა ნეგატიურად აისახება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატზე.

გაგრძელდება თუ არა გალის შეხვედრები, უცნობია. არსებული ცნობით, ერგნეთში ჯგუფი ნოემბერში უნდა შეიკრიბოს.

გრიგორი კარასინი აფასებს ჟენევის მოლაპარაკებებს და ყურადღებას ლუგარის ლაბორატორიის საკითხზეც ამახვილებს. მისი თქმით, მოსკოვისთვის მიუღებელია მსგავსი ლაბორატორიის მუშაობა მის საზღვრებთან და იგი გეგმავს მიმართოს გაერო-ს.

კარასინს ქართველი კანონმდებლებიც პასუხობენ. დეპუტატები ამბობენ, რომ საქართველოს საკითხი ყველა საერთაშორისო არენაზე უმაღლეს დონეზე უნდა იყოს განხილული. კრემლის პოლიტიკას კი თბილისმა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უნდა დაუპირისპიროს.