შეფასებები ჟენევის მოლაპარაკებების 47-ე რაუნდზე

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შეაფასეს ეუთო-მ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

უსაფრთხოების თვალსაზრისით კონფლიქტის ზონაში ვითარება ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შემდეგ გამწვავდა, ვკითხულობთ ეუთო-ს განცხადებაში. ასევე საუბარია ე.წ. გამშვებ პუნქტებზე შეზღუდვებსა და დახურვასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, რის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების უფლებები იზღუდება.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების განახლების აუცილებლობას და ცხელი ხაზის გამოყენების საჭიროებას.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებას, ოფიციალური მოსკოვი რიტორიკას არ ცვლის და წერს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს რეგულარული წვრთნები ღიად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.