შედგება თუ არა დიდი პოლიტიკური ერთობა

როგორია ოპოზიციის მოქმედების გეგმა? – ეს არის კითხვა, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში პერიოდულად აქტიურდება. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა იმის გარჩევის დრო არ არის, ვინ რომელი პარტიიდანაა და აუცილებელია დიდი პოლიტიკური ერთობის შექმნა. მათი განცხადებით, ყველა მათგანს საერთო მიზანი აქვს და ეს ავტორიტარული რეჟიმის დამარცხებაა. როგორ აპირებენ ამ მიზნის მიღწევას ხელისუფლების ოპონენტები, ჯერ ისევ უცნობია, რადგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე საჯარო განცხადებები არ კეთდება. მმართველი გუნდისთვის პოლიტიკური ერთობის შესახებ მორიგი მოწოდებები, რომელიც მათ შორის გიორგი ვაშაძემ გააჟღერა, არასერიოზულია. „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამარცხების აღიარებას ოპოზიციას კიდევ ერთხელ ურჩევს.