შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, ევროკომისიამ „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი. დღევანდელი გადაწყვეტილებით, „საერთო ინტერესის პროექტებისა“ და „ორმხრივი ინტერესის პროექტების“ სტატუსი ევროკომისიამ სულ 235 საზღვრისპირა ენერგეტიკულ პროექტს მიანიჭა. როგორც ევროკომისიაში აღნიშნავენ, ამ 235 საზღვრისპირა პროექტის მხარდაჭერით, ევროკომისია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ენერგეტიკულ კავშირს აძლიერებს. შერჩეული პროექტები ევროკავშირის დაფინანსების მიღებას შეძლებენ და დაჩქარებული ნებართვის გაცემისა და დაჩქარებული მარეგულირებელი პროცედურებით ისარგებლებენ, რაც მათ რეალიზაციასა და დროულ მიწოდებას შეუწყობს ხელს. პროექტის თანახმად, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით, განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.