თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, როგორც ჩანს, რუსეთ-უკრაინის ომმა ისეთ დონეს მიაღწია, რომელიც აშკარად საფრთხეს უქმნის შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებას. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, კომერციული გემების მიზანში ამოღება მიუღებელია და საგანგაშო ესკალაციაზე მიუთითებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინელები საზღვაო დრონებით შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს მცურავ ორ ცარიელ სანქცირებულ რუსულ ნავთობტანკერს თავს ორი დღის წინ დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, წყაროებმა უკრაინულ მედიას განუცხადეს, რომ მათ 70 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობის გადაზიდვა და სანქციების გვერდის ავლა შეეძლოთ. ნავთობტანკერები, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან, როგორც „კაიროსი“ და „ვირატი“, ტვირთის ასაღებად რუსეთის ნოვოროსიისკის პორტისკენ მიემართებოდნენ.