შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმში, შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის „ბათუმური რაფსოდიის“ ფარგლებში, ოპერის ოქროს ხმის მეოთხე სეზონი გაიხსნა. ფესტივალი მონაცვლეობით ერთ წელს კონკურსს, მომდევნო წელს კი საგანმანათლებლო პროგრამას ეთმობა. წლევანდელი წელი სწორედ საგანმანათლებლო მიმართულებას მიეძღვნება. პროექტში მონაწილეობენ ახალგაზრდა შემსრულებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 20-27 სექტემბერს მათთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ მსოფლიო საოპერო ხელოვნების ვარსკვლავები – მარჩელო ალვარესი, ვალენტინ პეიჩინოვი და მეთიუ აბელი. პარალელურად გაიმართება ახალგაზრდა მომღერლების მოსმენები. ფესტივალის ფარგლებში ბათუმის დრამატულ თეატრში დაიდგმება მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“, ხოლო კვირეული 28 სექტემბერს გალა-კონცერტით დასრულდება. პროექტის დამფუძნებელი და ორგანიზატორი მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო თამარ ივერია, რომელმაც დღეს უცხოელ სტუმრებთან ერთად ფესტივალის დეტალებზე პრესკონფერენცია გამართა.