შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია პარლამენტში

ექვსთვიანი ბოიკოტი დასრულდა. ოპოზიციის ნაწილი დღეს პარლამენტში მივიდა.

შარლ მიშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე ხელის მოწერიდან ერთ კვირაში 16-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი ადგილები დაიკავა. შეთანხმების ხელმომწერ პოლიტიკოსებს სხდომათა დარბაზში შესვლამდე სირცხვილის დერეფნის გავლა მოუხდათ. დოკუმენტზე ხელის არ მომწერი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები პარლამენტში მისულ ოპოზიციას შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ. ბუნებრივია, სესიაზე პოლიტიკური გამოსვლების დიდი ნაწილი სწორედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ კრიზისს დაეთმო. პარლამენტში შესული ოპოზიცია მთავარ ამოცანად ევროკავშირის მედიაციით შექმნილი დოკუმენტის ხუთივე პუნქტის შესრულებას მიიჩნევს. როგორც ირკვევა, პირველ ეტაპზე მათი საპარლამენტო საქმიანობა მხოლოდ მიშელის შეთანხმების აღსრულებაზე მუშაობით შემოიფარგლება.