შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი - ვინ მოაწერს ხელს შეთავაზებას

ექვსთვიანი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პერსპექტივა რეალური ხდება.

შარლ მიშელის მიერ კორექტირებულმა და მხარეებისთვის წარდგენილმა ახალმა დოკუმენტმა პოლიტიკური სურათი შეცვალა. ხუთპუნქტიან დოკუმენტში გაჩნდა ორი ახალი ჩანაწერი პატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე. „ქართული ოცნების“ პირადი ინიციატივით შეთავაზებული 40%-იანი ჩამკეტის ზღვარი იზრდება და ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, თუ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ ხმებს მიიღებს. ამჯერად ნახსენებია გიორგი რურუაც და წერია, რომ მელია-რურუას საქმეები ამნისტიით ან სხვა ზომებით უნდა მოგვარდეს, ძალაში რჩება 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის აქტის შეთავაზებაც. შენიშვნების მიუხედავად, მმართველი გუნდი განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერადაც მზად არის. ანალოგიური ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება ოპოზიციის დიდი ნაწილიც. ოპოზიციურ გაერთიანებაში პოზიციები გაიყო. მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომლის ლიდერთა ნაწილი ხელმოწერაზე კატეგორიულ უარს ამბობს, მწვავეა მიხეილ სააკაშვილის რეაქციაც, თუმცა პარტიაში არის გასხვავებული აზრიც.