შარლ მიშელის ტურნე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში აზერბაიჯანში ჩავიდა. ევროპელ მაღაჩინოსანს აეროპორტში საპატიო ყარაულით დახვდნენ. მოგვიანებით, შარლ მიშელმა ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელშიც დაწერა და აღნიშნა, რომ  „უსაფრთხო , სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროკავშირის ინტერესებშია და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენელი ნაწილია“.

აზერბაიჯანში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთიდან ჩავიდა, სადაც ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა და პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე კი, შარლ მიშელმა განაცხდა, რომ ევროკავშირი მზად არის, უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაში და ასევე განამტკიცოს კავშირები ამ რეგიონთან.  მისი თქმით, ევროკავშირი ეხმარება ეუთო-ს „მინსკის ჯგუფს“ მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

დღეს შარლ მიშელი უკვე საქართველოს ეწვევა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხვალ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.