შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

გიორგი შაქარაშვილის მშობლები და ბიძა გენერალურ პროკურორს შეხვდნენ.

გარდაცვლილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე საქმეში ჩართული ის პირები, რომლებიც გამოძიებას კურირებენ, თუმცა კონკრეტულად რა მიმართულებით მიმდინარეობდა საუბარი, ნიკოლაძე არ აკონკრეტებს. ასევე მისივე ინფორმაციით, მოხდება საგამოძიებო ვადის ერთი თვით გახანგრძლივება. ნიკოლაძის ინიციატივაა, რომ არასრულწლოვნების საქმე ცალკე ეპიზოდად გამოიყოს, რადგან არასრულწლოვნების შემთხვევაში ვადები შემჭიდროებულია. დაღუპული გიორგი შაქარაშვილის ბიძა დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ათამდე სახის ექსპერტიზის პასუხები და მოწმეების ჩვენებები, „ტოიოტა ქამრიში“ მსხდომ ექვსივე პირს განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინება ბრალი. ეს პირები თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით არიან დაკავებული.