შანაი ბრუკის მკვლელს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისში მომხდარი ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული და შემზარავი მკვლელობის სასამართლო განხილვები დასრულებულია.

ავსტრალიელი მოქალაქის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დანაშაული ივლისის ბოლოს მთაწმინდის ფერდობზე მოხდა. ვერდიქტის გამოტანამდე სასამართლოს სიტყვით მიმართა ბრალდებულმა, რომელმაც მოკლულის ოჯახს ბოდიში მოუხადა და პატიება ითხოვა. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დაკავებული რაფაელ მურსაკულოვის გამოსვლას მოკლული შანაი ბრუკის ძმაც ისმენდა, რომელიც ლონდონიდან სწორედ სასამართლო პროცესზე დასასწრებად ჩამოვიდა. უვადო პატიმრობის მოთხოვნით პროკურატურა დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გამორიცხავს.