შამბას განცხადება და შეფასებები თბილისში

აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ქართულ მხარესთან დიალოგის აუცილებლობაზე ალაპარაკდა.

დროა, საერთო მომავალზე ფიქრი დავიწყოთ – ეს არის მთავარი გზავნილი „ეხო მასკვისთვის“ მიცემული ინტერვიუდან, სადაც სერგეი შამბა რამდენიმე მიმართულებას ეხება. ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი აფხაზეთის ომს პოლიტიკურ კონფლიქტად აფასებს და ურთიერთობის დალაგების საჭიროებაზე მიუთითებს.

ე.წ. დეპუტატი ხაზს უსვამს იმ გარემოებებსაც, რის გამოც ოკუპირებული რეგიონი რუსეთზე დამოკიდებულია. შამბა, რომელიც წლების განმავლობაში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აქტიური მომხრე იყო, ამ დროისთვის ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო პარლამენტშია. მის განცხადებებში ოფიციალური თბილისი პოზიტიურ სიგნალს ხედავს და ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერების სურვილს კიდევ ერთხელ აფიქსირებს. ამ კონტექსტში მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ ინიცირებული სამშვიდობო ინიციატივაც არაერთხელ ახსენეს. თუმცა პოლიტიკური დიალოგისთვის ხელისუფლებას საკუთარი პირობები აქვს.