საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ განმეორებით მიმართა ევროკავშირის ელჩს, სადაც ისევ გაამახვილა ყურადღება იმ შემაშფოთებელ მოცემულობაზე, როდესაც ევროკავშირის სახელი და დაფინანსება, მისივე თქმით, სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის მიზნებისთვის გამოიყენება. შალვა პაპუაშვილის წერილში ვკითხულობთ:
„მინდა, გამოვხატო იმედგაცრუება იმის გამო, რომ საქართველოში ევროკავშირის მისიას საჯაროდ არ დაუგმია შეურაცხყოფების მიმდინარე კამპანია და აგრესიული თავდასხმები საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებზე იმ ინდივიდების მხრიდან, რომლებსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აფინანსებენ. სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მისიის უმოქმედობა ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მოქმედი იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებას იღებენ, ქმნის იმგვარ გარემოს, რომელიც ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს ზიზღის, ძალადობისა და პოლიტიკური პოლარიზაციისათვის. ღრმად იმედგამაცრუებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების მრავალჯერადი მოწოდების მიუხედავად, ჩემი ბოლო წერილის ჩათვლით, ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღისა და ძალადობის გამოვლინებისაგან დისტაცირებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჯგუფებისაგან მომდინარეობს. როგორც ჩემს წინა წერილში აღვნიშნე, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დამფინანსებლების მხრიდან მსგავსი ქცევის რეაგირების გარეშე დატოვება ამ ჯგუფებს აძლევს საშუალებას, ევროკავშირის მისიის უმოქმედობა შემდგომი ძალადობრივი ქმედებებისათვის მწვანე შუქის ანთების ნიშნად მიიღონ. იქმნება წარმოდგენა, რომ ზიზღი და ძალადობა, შეიძლება, „ევროპული ღირებულებების“ სახელით იქნეს გამართლებული. მეტიც, შემაშფოთებელია, რომ ზიზღის, ძალადობისა და პროპაგანდის დაგმობის ნაცვლად, გვესმის მხარდამჭერი განცხადებები იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც არიან ზიზღისა და ძალადობის პროპაგანდის ორგანიზატორები. ჩემი გაფრთხილება, რომ უმოქმედობა მწვანე შუქად იქნებოდა აღქმული, მალე გამართლდა. ვნახეთ, თუ როგორ დაესხნენ თავს ჟურნალისტს 9 მაისს, ევროკავშირის მისიის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეზე მოწვეული სტუმრები, რომლებიც, ცნობილი არიან, როგორც ევროპული დაფინანსების მიმღებები. სამწუხაროდ, ამის შემდეგაც კი არ მოგვისმენია ამ ინციდენტის საჯარო დაგმობა. 17 მაისს, კვლავ „ევროპული ღირებულებების“ სახელით, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრს, მარიამ ლაშხს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, იმავე პირებმა, რომელთა მიმართაც ევროპელი აქტორენი მანამდე მხარდაჭერას გამოხატავდნენ. 22 მაისს, კვლავ „ევროპული ღირებულებების“ მოხმობით, გამართლებულ იქნა სიტყვიერი თავდასხმა და მუქარა პარლამენტის წევრის, ირაკლი ზარქუას მიმართ ორი პირის მხრიდან, რომლებიც ცნობილნი არიან, როგორც ევროპული დაფინანსების მიმღებები. ჩემს წინა წერილში მე მივუთითებდი იმ საფრთხეებზე, რომლებიც თან ახლავს უარს, საჯაროდ და მკაფიოდ დაიგმოს ამგვარი რადიკალური ქმედებები, რომლებიც არა მარტო პოლიტიკურ პოლარიზაციას ასაზრდოებს, არამედ ქართულ დემოკრატიას ემუქრება,“ წერს პაპუაშვილი.