შალვა პაპუაშვილის წერილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს.

„თვალში საცემია, რომ ბოლო პერიოდში გერმანიის ელჩი კონკრეტული გზავნილების გადმოსაცემად მხატვრულ მეთოდებს იყენებს და შერჩეული ფონის მეშვეობით გვესაუბრება. რამდენიმე დღის წინ მან ინტერვიუ ჩაწერა პლაკატის, „თავისუფლება მზიას“ ფონზე, ამით მკაფიოდ გადასცა თავისი განწყობა მოსამართლეს, რომ მას „დიდი ძმა“ აკვირდება და თუ ის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შედეგსაც მოიმკის. მით უმეტეს, რომ გერმანიის ელჩს გვერდით ესტონელი კოლეგა ეჯდა, რომლის მთავრობამაც სწორედ ამ მოსამართლეს ესტონეთში შესვლა აუკრძალა ესტონეთის მთავრობისთვის სასურველი გადაწყვეტილებების არმიღების გამო. რა თქმა უნდა, როგორც პროცესზე ამგვარი „თვალთვალი“, ისე გერმანიის ელჩის ამ ლოზუნგის ფონზე გამოჩენა მართლმსაჯულებაზე ზეწოლაა, რაც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ცალსახა დარღვევაა. ამავე დროს, ეს ქცევა არაფერია იმასთან შედარებით, რაც მანამდე ვიხილეთ, როდესაც გერმანიის ელჩი სხვა ბანერის ფონზე გამოჩნდა და რომელზეც რადიკალური ჯგუფების ცნობილი ყიჟინა – „მონა“ ეწერა“, – წერს პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გერმანიის კონსტიტუცია, მისი პირველივე მუხლის პირველივე წინადადება იწყება სიტყვებით: „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია“. „სხვების მონებად შერაცხვა, მათი უუფლებო, უსახელო, უღირსებო არსებებად გამოცხადება არის თავად გერმანიის კონსტიტუციის სიტყვის, სულისკვეთების და ისტორიული ქვეტექსტის უარყოფა. ცალკე საკითხია, რომ ელჩის ამგვარი გზავნილი მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებას და ხალხს ეხება. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარი ელჩის გამოსარჩლებას გადაწყვეტს, მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოების ამ კითხვასაც გაეცეს პასუხი: არის თუ არა სხვა ადამიანის მონად შერაცხვა მისი ადამიანური ღირსების უარყოფა? მისაღებია იმ პროცესის ხელშეწყობა, რომელიც სიძულვილის ენისა და ღირსების შელახვის ნორმალიზებას ახდენს? სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არა „ცუდად საუბარი“ ან „თავდასხმა“, არამედ „ლეგიტიმური კრიტიკაა“, რომელსაც პასუხი სჭირდება“. – წერს შალვა პაპუაშვილი.