შალვა პაპუაშვილის წერილი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის წერილს, რომელიც საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ წარდგენილ ინიციატივებთან დაკავშირებით, საპარლამენტო დისკუსიები იქნება ინკლუზიური იმ მიზნით, რომ მოიძებნოს ისეთი საუკეთესო ვერსია, რომელიც გაითვალისწინებს როგორც საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებას, ისე გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებს.“ არაკომერციული ორგანიზაციების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მუდმივად მზარდი ჩართულობისა და მასზე ზეგავლენის მიუხედავად, არ არსებობს ეფექტიანი რეგულაცია, რომლებიც უზრუნველყოფს მათ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება უცხოურ დაფინანსებას. რაც უფრო მიიწევს წინ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამ საერთო პასუხისმგებლობის გააზრება და პატივისცემა. ამასთანავე, მსგავსი რეგულაციის არსებობა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხების გამოც, როგორებიცაა ფულის გათეთრება, კორუფცია, ტერორიზმის დაფინანსება და რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოსგან ნაკარნახევი სხვა საფრთხეები. აღსანიშნავია, რომ ორივე კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, რათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესები კანონმდებლობაში აისახოს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. საქართველოს პარლამენტი მზადაა ამ საკითხზე საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის. თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას,” – წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კომისარმა დუნია მიატოვიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს რამდენიმე დღის წინ წერილით მიმართა და მოუწოდა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ მიიღოს.