შალვა პაპუაშვილის განცხადება – გამოხმაურება
პარლამენტის თავმჯდომარე მუსიკოს ალექსანდრე კორძაიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, მისი თქმით, გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დაფინანსებით იმართებოდა იმ მუსიკოსის კონცერტი, რომელმაც პოლიტიკური არჩევანის გამო, საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს – ქალებს და კაცებს, მოხუცებს და ახალგაზრდებს – დედა აგინა. ღონისძიების მასპინძელი კი გორის არტ-ჰაუსი უნდა ყოფილიყო, რომელიც იმავე ადამიანებს „მონებს“ უწოდებს. “ალექსანდრე კორძაიას, იგივე Kordz-ის და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ერთ ხმაში დედის გინების ფონზე, კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ამას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. მართალია, სექტის ნაწილმა ეს აღშფოთება გააკრიტიკა, თუმცა გამოჩნდა სინანულის შემცველი ტექსტებიც: დედის გინება პროტესტისა და თვითგამოხატვის ფორმა არ უნდა იყოსო და დიდად არც მაშინ მოგვწონდა, ეს გინება ჩვენს გვერდით რომ გვესმოდაო. გამოსავალი მარტივი და ღირსეული იყო: კორძაიას საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა. თუნდაც ეთქვა, რომ ემოციამ სძლია და პოლიტიკური პროტესტისას ადამიანური ზღვარი გადალახა. მაგრამ სწორედ ამ დროს, განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა, სადაც, ფაქტობრივად, ამბობს, რომ საზოგადოების უმრავლესობისთვის დედის გინება შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებაა. სინანული, პასუხისმგებლობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა, ანუ ყველაფერი, რასაც ქართული კულტურა გვასწავლის, ისევ მცდარ პოზიციაზე ბოლომდე დარჩენამ, დეჰუმანიზაციამ და აგრესიამ ჩაანაცვლა. გარედან წაქეზების შედეგს ვხედავთ სააკაშვილის გუშინდელ ვიდეოშიც, რომელშიც ციხეში მჯდომი დიქტატორი იმავე საზოგადოებას აგინებს და ემუქრება, რომლის გინებაც, მანამდე, ევროკავშირის წარმომადგენლობამ შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებად გამოგვიცხადა. ჩვენ ეს უკვე ვნახეთ მზია ამაღლობელის და ზვიად რატიანის შემთხვევაში, როდესაც ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმის არ დაგმობამ და პოლიტიკურმა გამართლებამ, პოლიციელზე შემდეგი ძალადობის გარემო შექმნა, – წერს პაპუაშვილი.