შალვა პაპუაშვილის განცხადება – გამოხმაურება
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში, მთავარი კითხვაა, რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით? ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ევროპის დიდი ქვეყნები ევროკავშირის მიტაცებას გეგმავენ, რაც ფუნდამენტურ საფრთხეს შეუქმნის ევროპის პოლიტიკურ წონასწორობას და იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი დაფუძნდა. წერილში ასევე ვკითხულობთ: „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმებას უკვე თორმეტი ქვეყანა შეუერთდა. თუკი ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი – გარანტირებულად, თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა. თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება და გადაწყვეტილებების მიღება მთლიანად დიდი სახელმწიფოებისა, თუ მყარი უმრავლესობების ნებაზე გახდება დამოკიდებული, პატარა ქვეყნები ამ ფუნდამენტურ ბერკეტს დაკარგავენ. ამიტომ, სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ? ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ არის, რომ ქვეყანამ შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, საკუთარი ინტერესების გატანა და მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერება. თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, მაშინ ევროკავშირსაც ართმევენ მის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალებას. ასეთ პირობებში ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება,“ – წერს პაპუაშვილი. განცხადება შეაფასეს მმართველ გუნდში.