შალვა პაპუაშვილის განცხადება

საქართველომ ნატო-ში წევრობისთვის ყველაფერი გააკეთა, მათ ომებში მივიღეთ მონაწილეობა, ალიანსის 7-8 ქვეყანას ვჯობნით ინსტიტუციური განვითარებით, ბურთი ნატო-ს მოედანზეა – აღნიშნული განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. მისი თქმით, საქართველომ საკუთარ უსაფრთხოებაზე, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უნდა იზრუნოს. შალვა პაპუაშვილი, აშშ-ს უსაფრთხოების ახალ დოკუმენტსაც შეეხო, სადაც ნატო-ს გაფართოების შესახებ ჩანაწერი გაკეთდა. „რას ნიშნავს „ღია კარი“. ღია კარი თუ ნიშნავს, რომ იქ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, ორპირ ქარში გაცივდეს და შეეყაროს რამე ადამიანს, იგივე ეხება სახელმწიფოსაც, რომელსაც ასეთ დროს რისკები შეიძლება, პირიქით, გაეზარდოს. სამწუხაროდ, ვხედავთ გარკვეულ განცხადებებს, რომ არ არსებობს კონსენსუსი გაფართოებასთან დაკავშირებით“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, უკრაინელი ხალხი სამ წელზე მეტია საკუთარი უფლებისთვის იბრძვის, რომ იყოს ნატო-ს წევრი, სისხლს ღვრის და ნორმალურ პასუხსაც არ აკადრებენ, რომ უთხრან, ან კი, ან – არა.