შალვა პაპუაშვილის განცხადება

„ხელის გულზე დევს, რომ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან იყო დაგეგმილი, დაფინანსებული და ორგანიზებული. ის ადგილობრივმა რადიკალებმა განახორციელეს და თავიანთ ინსტრუქტორებს დანაშაულში მონაწილეობის უარყოფის შესაძლებლობა დაუტოვეს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ „X“-ზე წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გადაყენებისთვის უწყვეტი და ფარული უცხოური მცდელობების მთავარ ინსტრუმენტად ე.წ. უარყოფის შესაძლებლობის გამოყენება ხდება. „შაბათს, როდესაც ბრბომ თბილისში პრეზიდენტის სასახლეზე შეტევა დაიწყო, რადიკალური ოპოზიციის მოკავშირე მრავალმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, „ჟურნალისტმა“ და „ექსპერტმა“ საერთაშორისო მედია პლატფორმებზე მოვლენების პარალელურად მუხტის გამაღვივებელი გზავნილების გამოქვეყნება წამოიწყო. ზოგიერთმა უცხოელმა ლიდერმა დიდი წინდახედულობა ვერ გამოიჩინა. როდესაც ძალადობამ პიკს მიაღწია და ბრბო პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა, მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ „X“-ზე დაწერა: „ჩემი ფიქრები საქართველოს ხალხთანაა, რომლებიც თავისუფლებისა და მათი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. დემოკრატიის ჩახშობა შეუძლებელია. მოლდოვა თქვენს გვერდითაა“. ამგვარად, მაია სანდუმ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის სასახლეზე თავდამსხმელებს. ეს განცხადება განსაკუთრებით უცნაური ჩანს იმ პოლიტიკოსისგან, რომელიც სულ რაღაც ორი კვირის წინ განგაშის ზარს რეკდა გარედან მისი დამხობის გეგმებზე. თუმცა, 4 ოქტომბერს, თავად მაია სანდუ პირდაპირ აღმოჩნდა ჩართული საქართველოში გადატრიალების მხარდაჭერაში. ცალკე საკითხია, თავად გააკეთა ეს განცხადება, თუ ეს ვიღაცამ სთხოვა. საბედნიეროდ, წლების განმავლობაში მიმდინარე ამ სამარცხვინო და ძალიან მავნე ისტერიის შედეგად, ქართველმა ხალხმა ისწავლა „დაუძინებელი მეგობრების“ მაქინაციების გარჩევა“- წერს შალვა პაპუაშვილი.