შალვა პაპუაშვილის განცხადება
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოსთან დაკავშირებით კაია კალასისა და მარტა კოსის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს ევროკავშირის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ფაქტებისგან აცდენილი ცრუ ნარატივის გავრცელებისგან.
„სწორად თუ მივხვდი, ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ბოდიშს არ იხდიან, მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების მხარდაჭერის გამო, რის შედეგადაც, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმისას 25 პოლიციელი დაშავდა. არადა, სწორედ ამას ელოდება დღეს ქართული საზოგადოება ევროკავშირისგან. რაც შეეხება მათი მხრიდან ქართული არჩევნების შეფასებას, მე კვლავ მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ფაქტებისგან აცდენილი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც აძლიერებს რადიკალური ძალების სურვილს, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.