შალვა პაპუაშვილის განცხადება

შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მკვლევარ ირაკლი ხვადაგიანის გუშინდელ ინტერვიუს აქვეყნებს და წერს, რომ ის დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია, რომელსაც საფრანგეთის ელჩმა გრანტების კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე, დაფინანსება გამოუყო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ნათელი მაგალითია იმის, თუ რა სქემებით ფინანსდება საქართველოში ექსტრემიზმი. ფეისბუკ-პოსტში ვკითხულობთ: „ეს ადამიანი, ირაკლი ხვადაგიანი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის მე-8  ნომერი იყო, პარლამენტის წევრიც გახდა და ნაცმოძრაობის სხვა რადიკალებთან ერთად მანდატიც დატოვა. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ღიად აცხადებს, რომ აპირებს „ხელისუფლების დამხობას“. როგორც საზოგადოებას ახსოვს, საფრანგეთის ელჩმა „ნაციონალური მოძრაობის“ ამ კონკრეტულ აქტივისტს, გრანტების კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე, დაფინანსება გამოუყო. თანხის მიცემის საბაბად, საფრანგეთის საელჩომ, ქუთაისში ტურისტული მარშრუტების დახაზვა დაასახელა. ამგვარი მარშრუტის მხაზველები შემთხვევით „ხელისუფლების დამხობის“, „არჩევნების ჩაშლის“ და „ქუჩის ძალადობის“ მონაწილენი რომ ხდებიან, ალბათ მხოლოდ შემთხვევითობაა. თუმცა, სინამდვილეში, ეს „შემთხვევითობა“ იმის ნათელი მხილებაა, თუ რა სქემებით ფინანსდება საქართველოში ექსტრემიზმი. ზუსტად ეს სქემები ამხილა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ და შეწყვიტა სხვა ქვეყნების არევის დაფინანსება.“ – წერს პაპუაშვილი.