შალვა პაპუაშვილის განცხადება

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას ჩვენებით დადასტურდა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი, მოქმედებდა არა პარლამენტის მანდატით, არამედ ფარულად, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებით. პარლამენტის თავმჯდომარე გუშინდელ საგამოძიებო სხდომას სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა. წერილში ვკითხულობთ: „გიორგი გახარია ბევრ საკითხზე საკუთარ ტყუილშივე გაიხლართა, თუმცა, ცალკე გამოსაყოფია მელიას დაკავება-არდაკავების საკითხში უცხოელების ჩარევაზე კითხვა და მისი დაბნეულობა. უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან შეთანხმებების ისტორიას არქივი კარგად ინახავს“-  აღნიშნავს პაპუაშვილი და წერს, რომ 18 თებერვალს აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საჯარო განცხადებით ხელისუფლებას კრიმინალთან დიალოგისკენ და დაკავებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა და ამ განცხადებიდან 27 წუთში, გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა. პაპუაშვილი საუბრობს იმაზეც რომ ვაშინგტონში გახარია სააკაშვილთან ერთ სასტუმროში აღმოჩნდა.