შალვა პაპუაშვილის განცხადება

ენა, მამული, სარწმუნოება! თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ილიასეული ფორმულა საბჭოთა პერიოდშიც კი ინახავდა ქართული ეროვნულობის მუხტს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე წერს.

14 აპრილი იყო ნამდვილი წინამორბედი ათწლეულის შემდეგ აზვირთებული ეროვნული მოძრაობისა. როდესაც სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ვითხოვდით, ჩვენ ვიცოდით, რისთვის გვჭირდებოდა იგი, რა გვქონდა დასაცავი, საბრძოლი, რა უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის შინაარსი.

ქართული ენა წარმოადგენს ქართული სახელმწიფოსა და ქართული ცნობიერების მტკიცე და შეუცვლელ დუღაბს. ეს არის, რაც გვაერთიანებს, რაც გვინახავს წარსულს და რომლის გარეშეც ვერ გვექნება მომავალი.

სამწუხაროა, დღევანდელ დღეს თუნდაც ადამიანთა მცირეოდენი ჯგუფის ხილვა, რომლებიც, ხელოვნურად თავს მოხვეული გლობალისტური იდეოლოგიის გავლენით, სამშობლოს ინტერესს უცხოურ გავლენაზე ცვლიან, ქართულ ენას მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ და სარწმუნოებას აბიაბრუებენ.

უფროსმა თაობებმა საბჭოთა, ათეისტურ, უფლებააყრილ ქვეყანაში სათუთად გამოატარეს ენის, მამულისა და სარწმუნოების დროშა, რომლის შეცვლაც დღეს, ასე მზაკვრულად და ვერაგულად, ცხვრის ქურქით შემოპარულმა უცხო მენტალობამ განიზრახა.

ამის მიუხედავად, ქართველ ხალხს უარესი ჟამიც გამოუვლია, ჭკუა, ხერხი და ღონე უხმარია, საკუთარი არ დაუკარგავს და სხვისი არ სდომებია, რადგანაც ჩვენი მიზნები და მისია მარადიულია, ათასწლეულებს წვდება და უსასრულობისკენაა მიმართული“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.