„სანქციებზე და ლატვიაზე გამახსენდა, დღეს ვეღარავინ უარყოფს, საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, ეს ჩვენი ეკონომიკის დანგრევას, რუსეთთან ესკალაციას და შესაძლო ახალ ომს ნიშნავდა,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის თქმით, ომის პარალელურად, ლატვია რუსეთში ვისკის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა. „დღეს ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოითხოვდა ლატვიის პრეზიდენტი, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, ანუ ეკონომიკა დაგვენგრია და ესკალაციაზე წავსულიყავით. დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ, ომის პარალელურად, ლატვია რუსეთში ვისკის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ისე გახდა, რომ ვისკის ერთ წვეთსაც არ აწარმოებს. შარშან, მის სხვა ბალტიელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ყოფნისას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრსაც ვკითხე: ხომ აღმოვჩნდით ჩვენ მართლები, სანქციები რომ არ დავაწესეთ და თქვენ, ვინც ამისკენ მოგვიწოდებდით, მტყუანი? პასუხად სიჩუმე იყო“, – წერს პაპუაშვილი.
შალვა პაპუაშვილი საქართველოში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთ-ერთი პოსტსაც იხსენებს. „სანქციებზე და ლიეტუვაზე გამახსენდა. ეს პროვოკაციული პოსტი ლიეტუვის მაშინდელმა ელჩმა 2022 წლის 26 თებერვალს, ომის დაწყებიდან მეორე დღეს დადო. არ დაიზარა, თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში რუსული წარმოების კვების პროდუქტები გადაიღო, „ტვიტერზე“ დადო და დაგვამუნათა, გავაჩეროთ რუსეთის ეკონომიკის დახმარებაო. ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე გაირკვა, რომ ამასობაში, ლიეტუვა თურმე რუსეთში ექსპორტირებული ღვინით მსოფლიოში ნომერი პირველი ქვეყანა გამხდარა. თან ისე, რომ ღვინოს არ აწარმოებს. ყველა ალბათ თავად დაფიქრდება, რა არის ამ ისტორიის მორალი“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.