შალვა პაპუაშვილის განცხადება

12:07, 17.11.2026

“„ბათუმის პროცესი“ მართლაც იქცა ქართულ „ნიურნბერგის პროცესად“. მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას“, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს და პარტია „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს. შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს „თაღლითებად“ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ისინი სასამართლოზე უარყოფენ იმას, რაც მათსავე საარჩევნო პროგრამაში ეწერათ. განცხადებაში პაპუაშვილი ასევე 2022 წლის თებერვლის მოვლენებს იხსენებს, როდესაც უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები იმართებოდა. მისი თქმით, მაშინდელი საპარლამენტო ოპოზიცია და სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და უკრაინაში მებრძოლების გაგზავნას ითხოვდნენ. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ „ლელოს“ იმდროინდელმა დეპუტატებმა მასთან შეხვედრა ითხოვეს და ქუჩის პროტესტზე მითითებით, მოხალისეების გაგზავნისა და სანქციების დაწესების მოთხოვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებდნენ. სპიკერის შეფასებით, ეს მოთხოვნები საეჭვოდ ემთხვეოდა უცხოელი ემისრების დაჟინებულ რჩევებს. პარლამენტის თავმჯდომარე პარალელს ავლებს დონალდ ტრამპის განცხადებებთან და აღნიშნავს, რომ მის სიტყვებს საქართველოს გამოცდილებაც ადასტურებს. შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, 2022 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ნაცვლად „უცხო ძალების სამსახურში მყოფი ეს ჯგუფი“ რომ ყოფილიყო, საქართველოში ომი აუცილებლად დაიწყებოდა.

მსგავსი