შალვა პაპუაშვილის განცხადება
12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, გონივრული პოლიტიკის სიმბოლო, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე, პოლიტიკური უგუნურების სიმბოლო, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. ვრცელ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვების მოპოვებიდან 887 წლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ მმართველობას ადარებდა დავით აღმაშენებლის ეპოქას, დიდგორობის დღეს ომი წააგო და საქართველოსთვის ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე მოუწია დათანხმება. 12 აგვისტოს შეთანხმება თანაბარ პირობებში მყოფ ორ სახელმწიფოს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება არ ყოფილა. ეს იყო ომში დამარცხებული ხელისუფლების მიერ რუსეთის პირობებზე დათანხმება, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კიდევ ერთხელ შეილახა. დოკუმენტში არ ეწერა, რომ რუსეთი იყო აგრესორი. არ იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო გარანტია. არ განისაზღვრა რუსეთის ჯარის გაყვანის კონკრეტული ვადა. არ არსებობდა შეთანხმების შესრულების იძულების ქმედითი მექანიზმი. საქართველომ დაკარგა კონტროლი დამატებით ტერიტორიებზე, ათიათასობით ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა, ხოლო რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დამკვიდრდა. ეს ყველაფერი იმ ომის შედეგი იყო, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება წლების განმავლობაში გარდაუვალ ისტორიულ გმირობად და საქართველოს გამარჯვებად წარმოაჩენდა. თუმცა, სახელმწიფოს გამარჯვება განისაზღვრება არა სატელევიზიო დეკორაციებით, დროშების ფრიალით და ხელისუფლების მიერ საკუთარი თავისთვის მოწყობილი ზეიმებით. გამარჯვება იზომება მიღებული შედეგით: რამდენად დაცულია ქვეყნის ტერიტორია, მოქალაქეები, მშვიდობა და სახელმწიფოებრივი ინტერესები. ამ ისტორიის კიდევ ერთი მძიმე მხარე საერთაშორისო რეაქცია იყო. 12 აგვისტოს შეთანხმებას შუამავლად და გარანტორად ევროკავშირი ედგა. ექვს პუნქტში საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანი იყო მეხუთე პუნქტი: რუსეთის სამხედრო ძალები საწყის პოზიციებზე უნდა დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? რუსეთზე რეალური ზეწოლა განხორციელდა? სანქციები დაწესდა? ვაჭრობა შეჩერდა? პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები შეიზღუდა? არა. პირიქით, დასავლეთსა და რუსეთს შორის მალე დაიწყო ურთიერთობების „გადატვირთვა“. გაგრძელდა მასშტაბური ეკონომიკური თანამშრომლობა. აშენდა „ნორდ სტრიმის“ მილსადენები. 2010 წლის 9 მაისს კი წითელ მოედანზე რუს და ევროპელ სამხედროებს ერთ აღლუმზე ვხედავდით. წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
დავით აღმაშენებელმა დიდგორის გამარჯვებით საქართველო გააერთიანა. სააკაშვილმა დიდგორობის დღეს ომი წააგო და ქვეყანას გაფართოებული ოკუპაცია დაუტოვა. ეს არის ისტორიული რეალობა, რომელსაც ვერც პროპაგანდა შეცვლის და ვერც წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადება. დიდება საქართველოსთვის დაცემულ გმირებს, დიდება ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დიდგორის წმინდა სახელი“, – წერს პაპუაშვილი.