შალვა პაპუაშვილის განცხადება

„გუშინ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში განიხილება იდეა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს“, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში და მიუთითებს, რომ წევრობის ეტაპზე გადასვლის შემდეგ, საქართველოს, ისევე როგორც სხვა ახალ წევრ სახელმწიფოებს, კვლავ ევროკავშირის სხვა წევრების მსგავსი ვალდებულებები ექნება, თუმცა უფლებრივად მათთან თანასწორი არ იქნება. „პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს შეეძლება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე, გადაწყვეტილებები საქართველოს გარეშე მიიღოს. ასეთ მომენტში, ბევრს, ალბათ, გაახსენდება ბრიუსელის მიერ ხშირად გამეორებული ფრაზა – „არანაირი გადაწყვეტილება უკრაინაზე, უკრაინის გარეშე“. ევროკავშირში განხილული იდეა სწორედ ამ მიდგომის გაუქმებაა, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ეს უკრაინელებმაც კარგად დაინახეს და განაცხადეს, რომ მეორეხარისხოვან წევრობას არ დათანხმდებიან. შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის ასეთი მიდგომა კიდევ უფრო გაამარტივებს გადაწყვეტილებების მიღებას – აღარ იქნება საჭირო რთული დისკუსიები, განსხვავებული პოზიციები და დემოკრატიის ის ნაწილი, რომელიც განსხვავებულ აზრს გულისხმობს. მისი თქმით, აღნიშნული უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპს.