შალვა პაპუაშვილის განცხადება - გამოხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტს საქართველოს და საფრანგეთის გეოგრაფიულ მდებარეობას და ისტორიას ახსენებს და იმ გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე საუბრობს, რამაც ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და სტაბილურობა შეუნარჩუნა.

შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საფრანგეთის უკიდურესი აღმოსავლეთი საზღვრიდან, რუსეთის უკიდურეს დასავლეთ საზღვრამდე 3 500 კილომეტრია, საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს მთავარ სატრანსპორტო არტერიამდე კი – 500 მეტრი.

„ეს მძიმე, ხელშესახები და გეოგრაფიული განსხვავება სრულიად განსხვავებულ ვითარებაში გვაყენებს ჩვენ და საფრანგეთს. ეს არის სხვაობა მათ თეორიულ რიტორიკასა და ჩვენი რეალური პასუხისმგებლობის სიმძიმეს შორის, გეოპოლიტიკურ განცხადებებსა და გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შორის. 2022 წელს კითხვა მხოლოდ ერთი იყო: ამ გარდაუვალ დღეს, რაც უკვე პრეზიდენტ მაკრონის ბაგეებიდანაც გვესმის, საქართველო დანგრეული და განადგურებული შეხვდებოდა, თუ ჩვენივე გამოცდილებიდან ვისწავლიდით და სხვისი ყალბი პათეტიკის აყოლას, ჩვენი გზის გაყოლას ვამჯობინებდით. სწორედ აქ გაივლო ზღვარი უსამშობლოებსა და პატრიოტებს შორის. პირველებმა სხვისი დროშა და ჰიმნი თავისად აქციეს; ჯერ თვითონ დაიჯერეს, შემდეგ კი სხვებს არწმუნებდნენ, რომ ბომბების წვიმა სჯობს მშვიდობის სირცხვილს – წერს შალვა პაპუაშვილი და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გაუფრთხილდა, რადგან პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია. გეოგრაფიას ვერ შეცვლი. ვერც ისტორიას წაშლი. ვინც ამ სიმართლეს თვალს უსწორებს, ის ომს არ ემსახურება და ქვეყანას იცავს. სწორედ ეს არჩევანი გააკეთა საქართველომ“. – დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ.