შალვა პაპუაშვილის გამოხმაურება

„როდესაც ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე, ბრიტანეთის მთავრობა ქართველ მოსამართლეებს ასანქცირებს, ძებნილი დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ლონდონში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ფეისბუქზე“ წერს. „მაშინ, როდესაც, საკუთარი აღიარებითვე, მხოლოდ ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის მთავრობა ქართველ მოსამართლეებს ასანქცირებს, კორუფციის დადასტურებული დანაშაულისთვის მსჯავრდებული და ამჟამად ძებნილი დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ლონდონში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, კორუფციაში ჩართულობის ბრალდებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს სანქციები დაუწესა. ჩინჩალაძე და მურუსიძე ე.წ. გლობალური ანტიკორუფციული რეგულაციების დამრღვევ პირთა სიაში არიან შეყვანილები, რაც ფინანსური აქტივების და ეკონომიკური რესურსების გაყინვას გულისხმობს. მითითებულ პირებთან ფინანსური საქმიანობაც იკრძალება, სანქციების დარღვევა ან მათთვის თავის არიდება კი სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.