პარლამენტის თავმჯდომარე პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხალხში გაჩნდა ტერმინი „პროევროპული ძალადობა“, ამ ძალადობას კი სწორედ ევროკავშირის ელჩი ამართლებს.
„მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელზე, პიროტექნიკის დამმიზნებელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, ის იმას კი არ ამბობს, რომ მოლოტოვი არ უსვრია ერთს ან წიხლით პოლიციელზე არ შემდგარა მეორე. ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს – კი, „მოლოტოვის კოქტეილი“ სასროლი იყო და იმიტომ ესროლა; კი, წიხლებით შესადგომი იყო და შედგა კიდეც; კი, პიროტექნიკაც უნდა ესროლა და ჯობდა უკეთ დაემიზნებინა – ესაა, როგორც ჩანს, მისი სათქმელი. ამიტომაც არის, რომ ვერ ნახავთ მის ვერცერთ, ხაზს ვუსვამ, ვერცერთ განცხადებას, სადაც მან ეს ქუჩის ძალადობა დაგმო. არადა, თითქოს, რა უდგას წინ იმის თქმას, რომ ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობა, ელჩის ლექსიკითვე რომ ვთქვათ, ამაზრზენია“, – წერს პაპუაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ადამიანის უფლებების უპატივცემულობა და ღირებულებების თავდაყირა დაყენება, უცხოელ პოლიტიკოსთა თუ დიპლომატთა რიტორიკაში ყოველდღიურობად იქცა.