შალვა პაპუაშვილი USAID საქართველოს ოფისის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ახალდანიშნულ დირექტორს, ჯონ პენელს შეხვდა. საუბარი შეეხო წლების განმავლობაში გაწეულ მხარდაჭერას. აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარის პრიორიტეტებსა და საქართველოს პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები. შეხვედრას საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი დაესწრო. დიპლომატმა ჟურნალისტებთან ყურადღება სამოქალაქო საზოგადოების როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, მესამე სექტორის დანიშნულება არის პრობლემური საკითხების გამოკვეთა და საზოგადოების ინტერესების დაცვა.