შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა

ცენტრალური აზიის რეგიონში საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ დონეზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური თანამშრომლობისა და ერთობლივი რეგიონული პროექტების განვითარების მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქ. აშხაბადში შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნის გადაწყვეტილებისთვის. სერდარ ბერდი-მუჰამედოვმა კი თავის მხრივ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა.