შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს 

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან უკვე მეხუთე პარლამენტის თავმჯდომარე – დღეიდან შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს ახალი სპიკერია.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მმართველ გუნდს 2020 წლიდან შეუერთდა, დღეს 88 ხმით აირჩიეს. პაპუაშვილს მხარი დაუჭირა რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმაც, მის წინააღმდეგ ტაბლოზე მხოლოდ ერთი ხმა დაფიქსირდა. დარბაზში დღესაც ცარიელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სკამები. კენჭისყრას წინ კითხვები უძღოდა. ოპოზიციის ნაწილმა მომავალ თავმჯდომარეს ხისტი განცხადებები გაახსენა და დაინტერესდა, იქნება თუ არა ის ყველას თავმჯდომარე და ნეიტრალური არბიტრი. ქვეყნის უკვე მეორე პირი პირობას დებს, რომ ახალ თანამდებობაზე ოპოზიციის ჩართულობის გარანტი იქნება. წინამორბედის მსგავსად, შალვა პაპუაშვილსაც პარლამენტის თავმჯდომარეობა რთულ პერიოდში მოუწევს – გაზრდილი პოლარიზაციის, პრეზიდენტის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესის, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის საპარლამენტო ბოიკოტის და სადავო რეფორმების ფონზე.

 

დატოვე კომენტარი