„სფერო ინვესტის საქმე“ – სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, „სფერო ჰოლდინგის საქმეზე“ დაკავებული გივი წულეისკირისა და ამ დრომდე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი, „სფერო ინვესტის“ დირექტორის, გიორგი მურუსიძის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასა და პროკურატურის მხრიდან, საგამოძიებო ვადის გახანგრძლივებაზე იმსჯელეს. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, გირაოთი ითხოვდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გივი წულეისკირი კვლავ პატიმრობაში დარჩა. პროცესს ესწრებოდნენ დაზარალებული მოქალაქეებიც. შეგახსენებთ, რომ „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, სისხლის სამართლებრივი დევნა კი „სფერო ინვესტის“ დირექტორის, გიორგი მურუსიძის მიმართ არის დაწყებული. პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია, 244 დაზარალებულსა და 12 მლნ-მდე მოტყუებით მითვისებული თანხაზე.