„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებლის და დირექტორის დაკავება
244 დაზარალებული და 12 მილიონ ლარამდე ზარალი – დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი.
გივი წულეისკირს მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ. საქმის კიდევ ერთი ფიგურანტია ამავე კომპანიის დირექტორი გიორგი მურუსიძე, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება. „სფერო ჰოლდინგი“ ბიზნესს, მედიასა და სოციალურ პლატფორმებს აერთიანებს. გამოძიება ამბობს, რომ დანაშაულებრივი სქემა ფიზიკური პირებისთვის ბინების ქირაობას და უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლებად გადაცემას გულისხმობდა, რის სანაცვლოდაც მოქალაქეებს კომპანიის ანგარიშზე თანხები უნდა დაერიცხათ, სახელშეკრულებო ვადის გასვლის შემდეგ კი თანხა უკან უნდა დაბრუნებოდათ. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ორგანიზაცია სამი წლის განმავლობაში ხელშეკრულების პირობებს არღვევდა და საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხულ თანხებს არ აბრუნებდა. დაცვის მხარე ბრალდებას არ ეთანხმება და სასამართლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. ადვოკატი სახელშეკრულებო პირობების დარღვევას ქონებაზე ყადაღის დადებით ხსნის.
სასამართლო პროცესი ხვალ არის ჩანიშნული.