სეზონური გრიპის ვირუსი

გრიპის უკვე მეორე მსხვერპლი ბოლო 48 საათში.

ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ორსული პაციენტის გარდაცვალება ქვეყანაში გავრცელებული ვირუსის – H1N1-ს გართულებულ შემთხვევას უკავშირდება. 30 წლის ქალი საავადმყოფოში მიყვანიდან 10 დღის შემდეგ გარდაიცვალა. სპეციალისტები ვირუსის განსაკუთრებით აგრესიულ ფორმაზე საუბრობენ და მისი გავრცელების პიკს მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ელოდებიან. მიმართვიანობის მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეპიდემიის საფრთხეს ამ ეტაპზე ისევ ვერ ხედავს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ შარშანდელთან შედარებით სეზონური გრიპით დაავადების შემთხვევები ორჯერ არის გაზრდილი. ექიმები ყველას, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაავადების პირველი სიმპტომის გამოვლენისთანავე ოჯახის ექიმს ან საავადმყოფოს მიმართონ.