სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. პანკისის ხეობაში მოსავალი განადგურდა. სოფელ საკობიანოსა და წინუბანში დასეტყვილია საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, მოგლეჯილია ხეები, ხოლო საცხოვრებელ სახლებს სახურავები აქვს გადახდილი. ადგილობრივების ინფორმაციით, ქარი და სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რამაც მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია და დაზუსტებული მონაცემების მიღების შემდეგ გადაწყდება, რა სახის დახმარებას გაუწევენ დაზარალებულ მოქალაქეებს. სტიქია იყო თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც, სადაც ძლიერ ქარსა და წვიმას თან ახლდა სეტყვა.