სენატმა „მეგობარი აქტის“ მიღება ისევ უარყო - გამოხმაურება

ამერიკული მედიის ცნობას, რომელიც აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჯონ ტუნის გადაწყვეტილებას ეხება „მეგობარი აქტის“ უარყოფასთან დაკავშირებით, შეფასებები მოჰყვა თბილისში. პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ განმარტავს, რომ მათი ინფორმაციით, ეს მეგობარი აქტის დაბლოკვას არ ნიშნავს, რეალურად, ამ გადაწყვეტილებით, აქტის განხილვის პროცესი შედარებით გაჭიანურდება. „მეგობარ აქტს“ მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნება“ და ფიქრობს, რომ სენატის უმრავლესობის ლიდერის გადაწყვეტილება, უმრავლესობის სხვა წევრებთან იყო შეთანხმებული. გუშინ მეგობარი აქტის შესახებ ამერიკულმა მედიამ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემა „ზე ჰილის“ ცნობით, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ მეორედ უარყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის თხოვნა, რომ საქართველოს მთავრობის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემცველი კანონპროექტი წინ წაეწია. გამოცემის ცნობით, ჯონსონს სურდა, „მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს“ დამატებოდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატაში და სენატში დიდი მხარდაჭერა აქვს. როგორც ცნობილია, „მეგობარი აქტი“ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციების და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.