სენაკში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

სენაკში მცხოვრებ ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია, უფასოდ შეისწავლოს ქართული ტრადიციული სიმღერა და გალობა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა სენაკში სალოტბარო სკოლა გახსნა.

ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ რეგიონში დაგეგმილი შემოქმედებითი აქტივობებისა და  ღონისძიებების ფარგლებში, ცენტრსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

სენაკის სალოტბარო სკოლას გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული დიმიტრი კაკულია უხელმძღვანელებს.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით სენაკში 23-ე სალოტბარო სკოლა გაიხსნა. სალოტბარო სკოლების გახსნა კიდევ 6 მუნიციპალიტეტში იგეგმება, მათ შორის ზუგდიდშიც.