სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიამ სენაკის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა სენაკის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილება პარტია „საქართველოსთვის“ ადგილმონაცვლე წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. ასევე, 23 თებერვლის საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილება – სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ. მოსამართლემ მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განმარტა, რომლის თანახმადაც, მსგავსი გადაწყვეტილება საკრებულოს დეპუტატთა ნახევარზე მეტმა უნდა მიიღოს. რაც შეეხება „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიიდან გასული წევრის ადგილმონაცვლეს, მისი უფლებამოსილება ახალი კანონმდებლობით, სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა ცნოს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, სენაკის საკრებულოში ძალთა ბალანსი თანაბრად, 16-16-ზე ნაწილდება ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართული ოცნებას“ შორის. ამით სენაკის საკრებულო 9 თებერვლამდე არსებულ ვითარებას დაუბრუნდა. ცესკო-ს გადაწყვეტილებით, სენაკის მაჟორიტარულ ოლქში რიგგარეშე არჩევნები 1 ოქტომბერს დაინიშნა. სენაკის საკრებულო 6 თვეა არ შეკრებილა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონმდებლობით მთელ მუნიციპალიტეტში არჩევნები ხელახალი უნდა დაინიშნოს, რასაც სახელისუფლებო გუნდი არ ეთანხმება.