სემეკ-ი „თელმიკოს“ და „თელასს“ ამოწმებს

„თელასსა“ და „თელმიკოში“ მომდევნო კვირიდან შემოწმების პროცესი იწყება.

მოქალაქეთა ათეულობით საჩივრის შესწავლის შემდეგ სემეკ-ში შექმნილი სამუშაო ჯგუფი კომპანიებში შევა და ადგილზე შეისწავლის, რამდენად სწორად მოხდა დეკემბერსა და იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და აბონენტებისთვის შესაბამისი ქვითრების გაგზავნა. საჩივრებში, რომლებიც წყალმომარაგების და ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ბოლო ერთ თვეში გაიგზავნა, მოქალაქეები ქვითრებში დაფიქსირებულ გადასახადებს აპროტესტებენ. მომხმარებლებს ეჭვი აქვთ, რომ თანხა ხელოვნურად არის გაზრდილი. გაფრთხილება, ფინანსური სანქციები თუ დროებითი მმართველის დანიშვნა – აღმოჩენილი დარღვევების მასშტაბურობაზე იქნება დამოკიდებული, რა სადამსჯელო ზომებს მიიღებს სემეკი კომპანიების მიმართ. შემოწმება 3 მარტს დასრულდება. სწორედ არაზუსტი დარიცხვების გამო „თელმიკო“ და „თელასი“ თვეების წინ სოლიდური თანხით დააჯარიმეს.