საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. მას მხარი ბორდის რვა წევრმა დაუჭირა, სამი კი წინააღმდეგი იყო. არჩევის დროს მაღლაფერიძის გარდა სხვა კანდიდატი არ დასახელებულა. ვასილ მაღლაფერიძე სამეურვეო საბჭოს 2022 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს. ბორდის სხდომის პარალელურად პირველი არხის ახალ შენობასთან აქცია მიმდინარეობდა. ტელევიზიის წინ სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც თვეებია, არხის მენეჯმენტის გადადგომას და დღის და საღამოს ეთერის დათმობას ითხოვენ. დღეს მათ ბორდის თავმჯდომარის არჩევნები გააპროტესტეს. პირველი არხის შენობასთან იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ის თანამშრომლებიც, რომლებსაც სოციალურ ქსელში გვერდი აქვთ შექმნილი სახელწოდებით „მაუწყებლის მცველები“. ისინი ბორდის სხდომაზე დასწრებას და საბჭოს წევრებისთვის კითხვების დასმას ითხოვდნენ. კანონმდებლობით მათ უფლება ჰქონდათ, რომ ბორდის თავმჯდომარის არჩევას დასწრებოდნენ, თუმცა მითითებულ დროს ისინი სხდომაზე არ იმყოფებოდნენ.