საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიშის განხილვა პარლამენტში. ამჯერად მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვისა და განათლების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარადგინა. ვასილ მაღლაფერიძემ დეტალურად ისაუბრა იმ გადაცემებზე, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაიცემა. მათ შორის ტელესკოლაზე, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა და დამოუკიდებელ არხად ყალიბდება. მისი თქმით, სატელევიზიო და რადიოგადაცემების 70 %-ს ორიგინალური ქართული პროდუქცია იკავებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი მხატვრული და დოკუმენტური კინოს წარმოებაში დიდ ინვესტიციას დებს და უკვე 30-მდე ფილმი აწარმოა.

ვასილ მაღლაფერიძემ კომიტეტის წევრებს ის შეფასებები გააცნო, რომელიც საარჩევნო, 2021 წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართით გაკეთდა. მათ შორისაა ეუთო-ოდირის შეფასება, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებლად და ობიექტურად აშუქებდა მოვლენებს და მეტ შესაძლებლობას აძლევდა პოლიტიკურ პარტიებს, ვიდრე სხვა არხები. ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებპლატფორმა, რომელიც შვიდ ენაზე მუშაობს, ბაზარზე ლიდერია. აქცენტი გააკეთა არქივის მნიშვნელობაზე და მდგომარეობაზე. ტექნიკურ გადაიარაღებაზე.

2023 წლის გაზაფხულიდან არხი ახალ შენობაში გადასვლას დაიწყებს, რაც არა მხოლოდ ტელევიზიისთვის, არამედ კინოინდუსტრიისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. რამდენიმე დღეში კი, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, კოსტავას 68-ში მდებარე შენობაზე მორიგი აუქციონი გამოცხადდება, რომლის ღირებულება 65 მილიონი ლარი იქნება. ანგარიშის მოსმენის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა კითხვები დასვეს და აღნიშნეს, რომ მაუწყებელი მრავალფეროვანი გადაცემებითა და დაბალანსებული საინფორმაციო პროგრამებით გამოირჩევა.

ჯამში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიში პარლამენტის ექვსმა კომიტეტმა განიხილა. საკომიტეტო მოსმენის დასრულების შემდეგ, ანგარიშს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

ტელესკოლა

დატოვე კომენტარი