საზოგადოებრივი მაუწყებელი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ხვალ პირველი არხის პირდაპირ ეთერში 19:00 საათზე გადაიცემა 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი, რომელიც ტარდება საქართველოში პირველად და შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც კონკურსის ოფიციალურ პარტნიორს, ორგანიზების გარდა, აქვს ვალდებულება გადაიღოს და ყველა მონაწილე ქვეყანასთან ერთად პირდაპირ ეთერში გადასცეს სამაუწყებლო სიგნალი.

აღსანიშნავია, რომ პირველ არხს, კონკურსის დაწყებამდე, მომზადებული ჰქონდა დამატებითი, სადღესასწაულო პროგრამის პირდაპირი ტრანსლაცია, რომელიც შექმნილი ვითარების გამო მოიხსნა სამაუწყებლო ეთერიდან.

შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბრის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თბილისში 16 ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი იმყოფება, რომლებიც უკვე 6 თვეა საკუთარ ქვეყანაში, კვირაზე მეტი კი საქართველოში თავდაუზოგავად შრომობენ, რომ 25-26 ნოემბერს მაყურებელს დაუვიწყარი საბავშვო ზეიმი აჩუქონ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.