საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” მიერ გამოკითხული 2087 ადამიანიდან ყველაზე ცოტა, 18% მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მთავრობის ინტერესებს გამოხატავს.

მოსახლეობის 63%-ის აზრით, „რუსთავი 2“ ოპოზიციის ინტერესებს ატარებს, ხოლო 55%  ფიქრობს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მთავრობას ემსახურება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც აქტუალურ საკითხებს ეხება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მედიას დღეს წარუდგინა.

გამოკითხვის თანახმად, საქართველო მოსახლეობის დიდი ნაწილი მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ემხრობა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ე.წ. ვალების განულების ინიციატივას მოსახლეობის უმრავლესობა დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ეს პროგრამა მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის ხმების მოპოვების მცდელობა იყო.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალმა საბანკო რეგულაციებმა კრედიტის აღებაში მსურველებს პრობლემები შეუქმნა. ასევე, დაგროვებით საპენსიო რეფორმას გამოკითხულთა უფრო დიდი ნაწილი უარყოფითად აფასებს.

რესპოდენტთა უდიდესი უმრავლესობა ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის საჭიროებას ხედავს. გამოკითხულთა დიდი უმრავლესობის აზრით, ე.წ. ხორავას ქუჩის საქმე სამართალდამცველებმა საფუძვლიანად არ გამოიძიეს და ასეთ გახმაურებულ საქმეებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა იქმნებოდეს.