საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტები
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ორი ბრალდებული სასაზღვრო პოლიციის ბათუმის სამმართველოს სექტორების — „სარფისა“ და „გორგაძეთის“ დასაცავ მონაკვეთებზე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან სახელმწიფო საზღვრის ქვეითად უკანონოდ გადაკვეთის დროს დააკავეს. ორმა ბრალდებულმა კი საზღვარი სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით გადმოკვეთა და საქართველოში შემოვიდა. დანაშაული ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული ორი პირის მიმართ საიმიგრაციო პროცედურები მიმდინარეობს, რის შედეგადაც განხორციელდება მათი ქვეყნიდან გაძევება.