საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ საქართველო-აზერბაიჯანის სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მოლაპარაკებები დაიწყო. ახლად დაკომპლექტებული კომისიის შეხვედრები ბაქოში მიმდინარეობს.

ქართულ მხარეს ოპტიმისტური პროგნოზი აქვს. შესათანხმებელია საზღვრის ერთი მესამედი. სწორედ სადავო ზონაში მდებარეობს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილი, სადაც შეზღუდვები ბოლო წლებში რამდენჯერმე დაწესდა. ბოლო შემთხვევა აპრილში მოხდა, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მრავალმთის მონასტერთან მისასვლელი გზა ჩაკეტეს და სასულიერო პირებსა და ტურისტებს გადაადგილება აუკრძალეს.

კითხვებს აჩენს სამონასტრო კომპლექსთან, კერძოდ, ჩიჩხიტურის მიმართულებით დაწყებული სამუშაოებიც. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ადგილზე მობილიზებული ტექნიკა და გზის გაყვანის სამუშაოებია ასახული.