საზღვარზე რძის კონტროლი გამკაცრდა

იმპორტირებულ რძეზე კონტროლი გამკაცრდა.

ქვეყანაში შემოსულ პროდუქციას სურსათის უვნებლობის სააგენტო, საბაჟო სამსახურთან ერთად საზღვარზევე  შეამოწმებს. კონროლის გამკაცრება მას შემდეგ გადაწყდა, რაც „სოფლის ნობათის“  რძის კონრეტულ პარტიაში, რომელიც აზერბაიჯანში იყო წარმოებული, ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერების, აფლატოქსინის დასაშვებზე მაღალი ოდენობა აღმოჩნდა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, დახარვეზებული რძის პარტია სარეალიზაციო ქსელებიდან სრულად ამოღებულია. დახლებზე განთავსებული ადგილობრივი და იმპორტირებული რძის პროდუქცია კი უვნებელია და რისკებს არ შეიცავს. პარალელურად ქვეყნის მასშტაბით რძის ყველაზე მკაცრი სტანდარტებით შემოწმება გრძელდება. სურსათის უვნებლობის სააგენტოში ამბობენ, რომ ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოსახლეობის ინფორმირება დაუყონებლივ მოხდება.