საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადება

15:20, 10.10.2025

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება ფოთის საზღვაო ნავსადგურში შესაძლო სანქცირებული გემის ყოფნის საკითხს და აცხადებს, რომ ეს სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ტანკერი Olga, რომელიც დაზღვეულია The American Clubის ასოციაციაში და ამჟამად იმყოფება ფოთის საზღვაო ნავსადგურში, არ წარმოადგენს ევროკავშირის ან შეერთებული შტატების სანქციების ობიექტს. რუსეთის ფედერაციის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ჩამოიტანა დიზელის საწვავი, რომლის საბოლოო დანიშნულებაა სომხეთი. ოპერაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო საზღვაო რეგულაციებისა და ყველა მოქმედი სანქციური რეჟიმის სრული გათვალისწინებით.

საწვავის ტრანზიტი მიმდინარეობს შესაბამისი უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და საბაჟო მოთხოვნების სრული დაცვით. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა ნავსადგურში გემების შესვლა მკაცრად კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მსგავსი