ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება მთავარ მიმართულებად რჩება სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმისთვის, რომელიც ამჯერად 26 მაისისთვის ემზადება.
გეგმის დეტალები არ ზუსტდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღნიშვნას პლატფორმაში ჩართულ პოლიტიკურ ძალებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან დ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად აპირებს. გეგმაშია აქცია-მსვლელობის მოწყობაც. სავარაუდოდ, სცენარი სიტყვით გამოსვლებსაც მოიცავს. ღონისძიების ადგილად რუსთაველის გამზირია მითითებული. ახლა საინტერესოა, მიიღებენ თუ არა პლატფორმის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას ის პოლიტიკური აქტორები, რომლებიც ზურაბიშვილის სამოქმედო ტაქტიკას საჯაროდ აკრიტიკებენ, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელიც ექს-პრეზიდენტის მიერ შექმნილ პლატფორმას 31 მარტის შემდეგ გაემიჯნა და ბოლო პერიოდში გამართულ შეხვედრებს აღარ ესწრება. იქცევა თუ არა მორიგი განხეთქილების მიზეზად თარიღი, რომელიც მთელ ქვეყანას აერთიანებს – წლევანდელ 9 აპრილს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ყოფილი პრეზიდენტის გეგმა მმართველი გუნდისთვის პროვოკაციულია.